თანამედროვე ბავშვი ციფრულ მოწყობილობებს ძალიან ადრე ეცნობა. მობილური ტელეფონი ხშირად ხდება სწრაფი გამოსავალი - რიგში, გზაში, დაღლილობის დროს. მაგრამ როცა საქმე ბავშვის ტვინის განვითარებას, ყურადღებას და სამყაროს აღმოჩენას ეხება, არჩევანი ტელეფონსა და რეალურ თამაშს შორის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რა განსხვავებაა ეკრანულ და რეალურ თამაშს შორის
ეკრანთან ურთიერთობა უმეტესად პასიურია. ბავშვი იღებს მზა ვიზუალურ და ხმოვან სტიმულებს, რომლებიც სწრაფად იცვლება. კვლევები აჩვენებს, რომ სწრაფი მონაცვლეობა და ინტენსიური სტიმულაცია ტვინს აჩვევს მაღალ სიჩქარეს, რის ფონზეც ნელა მიმდინარე აქტივობები - წიგნის დათვალიერება, კონსტრუქციისა და ფაზლის აწყობა შეიძლება ნაკლებად საინტერესო გახდეს.
რეალური სათამაშო კი ბავშვთან სრულიად სხვა ტიპის მუშაობას იწყებს. აქ არ არსებობს წინასწარ მომზადებული სცენარი. ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა ააშენოს, როგორ ააწყოს, რა გამოსცადოს. სწორედ ამ პროცესში ირთვება აღმასრულებელი ფუნქციები - დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა და მოთმინება.
ტვინის განვითარება ხელებით იწყება
ნეირომეცნიერებაში ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში ტვინის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული სენსორულ და მოტორულ გამოცდილებასთან. როცა ბავშვი ეხება, აწყობს, აცალკევებს, აბრუნებს და ცდის, ტვინში იქმნება უფრო მდგრადი ნეირონული კავშირები, ვიდრე მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების დროს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვრილი მოტორიკა - თითებისა და ხელის კოორდინაცია. ეს უნარები პირდაპირ კავშირშია მომავალში წერასთან, თვითმოვლასთან და აკადემიურ ამოცანებთან.
ხის ასაწყობი კუბიკები

ხის კუბიკები ერთი შეხედვით ძალიან მარტივი სათამაშოა, მაგრამ განვითარების კუთხით ძლიერ ინსტრუმენტად ითვლება.
ბავშვი სწავლობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს - თუ კუბიკს არასწორად დადებს, კოშკი დაეცემა. ეს არის ფიზიკის პირველი გაკვეთილები პრაქტიკაში. ვითარდება სივრცითი აზროვნება - რა ფორმა სად ჯდება, როგორ დავაბალანსო კონსტრუქცია. პარალელურად ირთვება პრობლემის გადაჭრა - როგორ ავაშენო უფრო მაღალი კოშკი ისე, რომ არ დაინგრეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კუბიკებს არ აქვთ ერთი სწორი გამოყენება. დღეს ისინი შეიძლება იყოს სახლი, ხვალ - ხიდი, ზეგ - ავტოფარეხი. სწორედ ეს ღიაობა აძლიერებს წარმოსახვას.

მარტივი თავსატეხები ან ჩასასმელი ფორმები
ფორმების ჩასასმელი სათამაშოები და ასაკზე მორგებული პაზლები ავითარებს ლოგიკას და ვიზუალურ აღქმას. ბავშვი სწავლობს ფორმების, ზომებისა და მიმართულებების გარჩევას. როცა ის ცდილობს სწორ ადგილას მოარგოს დეტალი, ტვინი აქტიურად მუშაობს შედარებაზე, ანალიზზე და მცდელობა-შეცდომის პროცესზე.
ეს პროცესები საფუძველს უყრის მომავალ მათემატიკურ და სივრცით უნარებს. გარდა ამისა, პაზლი აყალიბებს კონცენტრაციას. განსხვავებით ეკრანისგან, რომელიც მუდმივად ცვლის სტიმულს, პაზლი ბავშვს ერთ ამოცანაზე დარჩენას ასწავლის.
ყურადღება, ემოციები და თვითრეგულაცია
რეალური თამაში ასევე ეხმარება ემოციურ განვითარებას. როცა კონსტრუქცია ინგრევა ან პაზლი არ ჯდება, ბავშვი ხვდება მცირე იმედგაცრუებას. მხარდაჭერის პირობებში ის სწავლობს, რომ შეცდომა პროცესის ნაწილია, რაც აყალიბებს მოთმინებას და გამძლეობას - უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება.
ეკრანთან ურთიერთობისას ასეთი გამოცდილება ხშირად შეზღუდულია. აპლიკაციები და თამაშები ხშირად ისეა შექმნილი, რომ სწრაფ გამარჯვებებზეა ორიენტირებული და ნაკლებად ტოვებს სივრცეს სირთულესთან გამკლავებისთვის..
გააზრებული თამაში როგორც ინვესტიცია მომავალში
სათამაშო არ არის უბრალოდ ნივთი, რომელიც ბავშვს ცოტა ხნით ართობს. სწორად შერჩეული სათამაშო ხდება განვითარების ინსტრუმენტი. ის ეხმარება ბავშვს იფიქროს, სცადოს, შეცდეს, ხელახლა სცადოს და საკუთარი ძალებით აღმოაჩინოს სამყარო.
სწორედ ამ გზით ყალიბდება დამოუკიდებელი, კონცენტრირებული და ცნობისმოყვარე ადამიანი. და ეს პროცესი იწყება ძალიან მარტივად - რეალური, ხარისხიანი და გააზრებულად შერჩეული სათამაშოთი.
შესაბამისად, თუ შენც გაინტერესებს შენი პატარასთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და კარგი განმავითარებელი სათამაშო, შეგიძლია ასაკის მიხედვით აარჩიო ჩვენს გვერდზე - ჩვენ კი 40 წუთში პირდაპირ სახლში მოგიტანთ 🤗