ალბათ ფიქრობთ, რომ ყველა საბავშვო ბაღი ერთნაირია – ოთხკუთხედი შენობა, სტანდარტული ოთახები, მოსაწყენი ინფრასტრუქტურა და ერთი პატარა ეზო. მაგრამ იაპონიაში, ტოკიოს ტაჩიკავა რაიონში, არსებობს ადგილი, რომელიც ამ სტერეოტიპს მთლიანად ცვლის.
ეს Fuji Kindergarten-ია, შექმნილი არქიტექტორ ტაკაჰარუ ტეზუკას მიერ 2007 წელს, რომელიც 500 ბავშვისთვის ნამდვილ თავისუფალ სამოთხედ იქცა – სივრცედ, სადაც თამაში, სწავლა და ბუნება ჰარმონიულ სინთეზშია.
სახურავი, რომელიც სათამაშო მოედანია
ბაღის მთავარი იდეა "ნოსტალგიური მომავლის" კონცეფციაში მდგომარეობს. თუ სხვა შენობებში სახურავი სახიფათო და აკრძალული სივრცეა, აქ ეს 183 მეტრი წრიული პერიმეტრი ბავშების ყოველდღიური სათამაშო არეალია. ისინი აქ დარბიან ან საერთოდაც სკუტერებით მოძრაობენ და ამით მოძრაობის, ფიზიკურ აქტივობის და თავგადასავლის სიყვარულს ავითარებენ.
არქიტექტორმა შექმნა ადგილი, სადაც ბავშვებს არც გაჩერების სურვილი ექნებათ და არც საჭიროება, რადგან მათ ყველაზე მეტად უწყვეტი მოძრაობა უყვართ.
ფოტოგრაფი: Katsuhisa Kida
ღია ინტერიერი და ბუნებრივი სინათლე
Fuji Kindergarten-ის კედლები თითქმის არ არსებობს. უზარმაზარ მოძრავ მინებს დღის შუქი ინტენსიურად შემოაქვს ოთახებში, რაც ბავშვებს ეხმარება ბუნებრივ რიტმთან თანხვედრაში ცხოვრებაში. ოთახებს შორის მკვეთრი საზღვრები არ არის – ყველაფერი ერთ დიდ გარემოდ აღიქმება.
განსაკუთრებული დიზაინური შტრიხია სამი 25-მეტრიანი ზელკოვას ხე, რომლებიც პირდაპირ სახურავზე კლასებს შორის იზრდება. ეს სიმბოლურად აჩვენებს, თუ როგორ უნდა თანაცხოვრებდნენ ბუნება და ადამიანი.
ფოტოგრაფი: Katsuhisa Kida
ეკოლოგიური მიდგომა
პროექტი ეკოლოგიური არქიტექტურის ნიმუშია:
ბუნებრივი ვენტილაცია ისეა გათვლილი, რომ შენობას არც ძლიერ კონდიციონერი და არც გათბობის სისტემა არ სჭირდება.
ხის სტრუქტურა და მინიმალური ენერგომოხმარება ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ ბუნების პატივისცემას ყოველდღიური ცხოვრების გზით.
ღია სივრცე ახალისებს ბუნებრივ ქცევასა და თავისუფალ მოძრაობას.
არქიტექტურა შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ კედლები და სახურავი, როდესაც ის ბავშვებისთვის განვითარების უნიკალურ პლატფორმად იქცევა.
Fuji Kindergarten-ის მაგალითი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემო, სადაც პატარა ადამიანები იზრდებიან: სივრცე, რომელიც აძლევს თავისუფლებას, ამყარებს ბუნებასთან კავშირს და თვითონვე ასწავლის ეკოლოგიურ ჩვევებს. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ბავშვების დღევანდელ დღეს ამდიდრებს, არამედ ქმნის საფუძველს პასუხისმგებლიანი და გარემოზე მზრუნველი მომავლისთვის.
ფოტოგრაფი: Katsuhisa Kida